ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა.
პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; გამოიცვალა 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.
გარდა ამისა, თემქის ხევის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად, რომლებსაც ერთმანეთთან საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს.
ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე.
სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.