ხმაურისა და ბრალდებებების ფონზე ჩაიარა გუშინ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომამ, სადაც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
„როდესაც პანდემიის დროს ავტორები ვერ იღებდნენ საკმარის თანხას იმისთვის, რომ ეარსებათ და სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, თქვენ მათ ჰონორარებს იყენებდით პრემიებისთვის, ბონუსებისთვის, ავტომობილების, უძრავი ქონების შესყიდვისთვის - ასე მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს.
გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ „არც ერთი თეთრი არ დაკლებია არც ერთ ავტორს პანდემიის დროს, პირიქით, დაახლოებით 750 ათასი ლარი მეტი გადაიხადეს.
სოსო გიორგაძის თქმით, საქპატენტის ამოცანაა არსებული რეალობის შეფასება. „ერთადერთი საკითხი, რაზეც აღვნიშნე წეღან ჩემი მოსაზრება, ის არის რომ როგორც საქპატენტის წარმომადგენელი, ვერ ვიზიარებ, რომ პანდემიის დროს ავტორთა ჰონორარების 47%-ის ადმინისტრაციული ხარჯვა იმიტომ იყო საჭირო, რომ პრემიები გაცემულიყო და უძრავი ქონება შესყიდულიყო. ასე ვფიქრობ ახლაც. თქვენ, „GCA“ ხართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელზეც „საქპატენტმა“თავის დროზე დადებითი დასკვნა გასცა. ამასთანავე, თქვენმა წარმომადგენელმა ამავე ტიპის შეხვედრაზე ითხოვა ასეთი ტიპის შემოწმება და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ვალდებულება და მესამე - ხაზს ვუსვამ - ყველა, იქნება ეს „GERA“ თუ „ჯიენერაი“, უფრო მკაცრად გაკონტროლდება, თუ ისინი გააგრძელებენ ამ სფეროში საქმიანობას და გააგრძელებენ ნებისმიერ შემთხვევაში.
„საქპატენტის“ ამოცანა არ არის გიგა კობალაძის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, არც მიხსენებია არც ერთი სახელი და გვარი თუ დააკვირდით, ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ არსებული რეალობა. ის შეფასებები, რომლებიც ახლა თქვენ გააკეთეთ „საქპატენტის“ მიმართ, იყო გადაჭარბებული. თუ თქვენ გსურთ, რომ შეფასებები გავაგრძელოთ, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის პოლემიკა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამ დარბაზში პარტნიორებთან ერთად ყოფნის ამოცანაა, სწორად დავინახოთ და შევაფასოთ არსებული გამოწვევები. თქვენ მოითხოვეთ, ბატონმა ყანჩელმა მოითხოვა აუდიტის ჩატარება და მე მგონი თქვენი უმრავლესობა ესწრებოდა იმ სხდომას, „საქპატენტის მიმართ რატომ გაქვთ წყრომა“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
სხდომას ესწრებოდა ზაზა შენგელიაც. „აიპრესმა“ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი მას სთხოვა.
ზაზა შენგელია: პირველ რიგში, იმას ვიტყვი რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან ბევრი წელი და მთელი რიგი ავტორების ბრძოლა ამ გამჭვირვალეობამდე. ის ციფრები რაც დღეს გაჟღერდა, მიუწვდომელი იყო წლების განმავლობაში. ისინი ამას გრძნობდნენ და უკმაყოფილოები იყვნენ იმ თანხების ოდენობით, რაც ერიცხებოდათ.
ბუნებრივია უკმაყოფილო იქნებოდნენ, 200-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს მათი გამგეობის თავმჯდომარეს ვიდრე მათ. არსად არ ხდება, არცერთ ქვეყანაში რომ დაქირავებული უფრო მეტს იღებდეს ვიდრე დამქირავებელი,
მე მგონი, ძალიან დიდ კორუფციასთან და დარღვევასთან გვაქვს საქმე.
-ფიქრობთ, რომ "საქპატენტის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ?
მე ვერ გამოვდგები იმ პიროვნებად რომლის პრეროგატივაა ამის თქმა, მაგრამ სიმძიმით ძალიან მძიმეა. ალბათ "საქპატენტმა" უნდა მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე. მე არ ვიცნობ დასკვნას, რაღაც მომენტები მაქვს მოსმენილი და რაც დღეს გაჟღერდა, მაგრამ ესეც საკმარისია. თავისთავად უმძიმესი ბრალდებებია.
დღეს გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, რა ნაბიჯი უნდა გადადგან ავტორებმა?
ავტორებმა უნდა მოითხოვონ თავიანთი ფული. ეს ფული, რომელიც იფლანგებოდა მენეჯმენტისა და გიგა კობალაძის მიერ, ეს რის მათი კუთვნილი ფული და მოითხოვონ და არა მარტო ეს 2 მილიონი, ეს ორი მილიონი არის ბოლო 2 წელში გადახარჯული თანხა, მაგრამ წინა წლებში რა ხდებოდა ჩვენ ხომ არ ვიცით. სამწუხაროდ, აუდიტი არ ჩატარებულა.
"აიპრესმა" მოახერხა მოკლე კომენტარი ჩაეწერა საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელძღვანელთან, გიგა კობალაძესთან, რომელმაც საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მალე დატოვა: "აუდიტის დასკვნა, რომელიც ჩატარდა ჩვენთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაადგინა ვერანაირი დარღვევა. ყველაფერი კეთდება და ხორციელდება ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.
დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის.
კი ბატონო ნაყიდია უძრავი ქონება... ავტომობილები ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ მონიტორინგს როცა ვაკეთებთ, ადამიანები დადიან.
პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი თანხები შემცირდა დაახლოებით 47-50%-ით 2020 წელს და 45%-ით 2021 წელს, რა თქმა უნდა მოიმატა ხარჯებმა, იმიტომ რომ ხარჯების ურთიერთმიმართება შეგროვებულ ჰონორართან გაიზარდა, რადგან პანდემიის გამო შეგვიმცირდა, გაგვინახევრდა შემოსავალი.
უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. ვინმეს ძალიან რომ უნდოდეს, ეს ვერ მოხდება ვერაფრით" განუცხადა გიგა კობალაძემ "აიპრესს".