მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს World Vision საქართველომ და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ქალაქ თბილისის მობილურ ჯგუფებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. წარმომადგენლობითი შეხვედრა მიზნად ისახავდა 24 საათიანი გადაუდებელი დახმარების პროგრამის მიმოხილვასა და ერთწლიან ანგარიშს, ასევე ძლიერი მხარეების ანალიზს და გასაუმჯობესებელ ასპექტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის დასახვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, ქალბატონი მერი მაღლაფერიძე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ბელა გოგუა, მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსი, თამთა ბაბუნაშვილი, პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს უფროსი, ელენე მარტაშვილი, მობილური ჯგუფის სოციალური მუშაკები, World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი, მაია მგელიაშვილი, World Vision საქართველოს, საქართველოს კარიტასის და ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მობილური ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე მობილურმა ჯგუფებმა წარადგინეს მათი ყოველდღიური საქმიანობის პრეზენტაცია, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. მათივე მხრიდან ინიცირებული იქნა ის ცვლილებები/რეკომენდაციები, რაც პროგრამის ეფექტურობის გაზრდისათვის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების დონეზე, აუცილებელია. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მობილური ჯგუფების ფუნქცია-მოვალეობები და მათი როლი ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში, ასევე კრიზისული ინტერვენციისა თუ ადვოკატირების მნიშვნელობა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის. World Vision საქართველო ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში უზრუნველყოფს გადაუდებელ შემთხვევაზე 24-საათიანი მექანიზმის გაძლიერებას, რაც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის განმეორებითი ძალადობისაგან დაცვას და მიუსაფარ ბავშვთა სოციალური საფრთხეებისგან დაცვას. გადაუდებელი რეაგირების მექანიზმის ამოქმედება ქალაქ თბილისში არის არასამუშაო საათებში და უქმე დღეებზე ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე დაუყოვნებელი რეაგირების პირველი პრეცედენტი, რომლის გავრცელებაც მომავალი წლიდან ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება. World Vision საქართველო აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერას აგრძელებს კამპანიის „დავასრულოთ ბავშვთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, რომლითაც ორგანიზაცია მხარს უჭერს სახელმწიფო პარტნიორებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შემუშავებას, რაც ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, გადაუდებელი რეაგირების ფარგლებში, შემოსულია 615 შეტყობინება, საიდანაც რეაგირება განხორციელდა 450-ზე.