საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა  მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, 2023-2024 წლების განმავლობაში, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება.

კომპანია „სმარტმატიკმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეძენის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) 20 ივლისს გაიმარჯვა. ტენდერი ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის ღირებულებამ 54 215 254 ლარი შეადგინა.

დღესვე გიორგი კალანდარიშვილი „სმარტმატიკის“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტს ევროპის რეგიონში ალექსანდრე რაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოში არჩევნები უნდა გაიმართოს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის დათვლას და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით ჩატარდა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, ასევე 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღალი სანდოობით სარგებლობდა.

კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.