თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის გაზრდის კონცეფცია წარმოადგინეს. როგორც სხდომის დაწყებამდე ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის სასწრაფო სამსახურის ხელმძღვანელს, სასწრაფო დახმარების ეფექტიანობის გაზრდის გეგმის წარმოდგენა ორი კვირის წინ დაავალა. სტრუქტურის გადახედვის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალი ფილიალები და ინვენტარი დაემატება. 

"თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსმა თემურ ბარკალაიამ შეისწავლა არსებული პრობლემები და წარმოადგინა საინტერესო კონცეფცია იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეფექტიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდება სტრუქტურის გადახედვა და ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა. რომელიც იქნება უფრო ქმედითი და ეფექტიანი, გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მოცვის არეალი. ანუ ისეთ ტერიტორიებზე სადაც სასწრაფო სამედიცინო მანქანებს შორს უწევთ გადაადგილება გაკეთდება მინი სადგურები ანუ ქვეფილიალები. საიდანაც მოხდება მანქანების გადაადგილება გამოძახებების შემთხვევაში. ამით გაიზრდება ოპერატიულობა, გადამზადდება სამედიცინო სამსახურის პერსონალი, მოხდება სამედიცინო და არასამედიცინო აპარატურის ინვენტარისა და მანქანების განახლება. გამკაცრდება კონტროლი როგორც სამედიცინო ისე არასამედიცინო პერსონალისა და მენეჯმენტის მიმართ. ვფიქრობ ჯამში ეს ღონისძიებები მოგვცემს შესაბამის შედეგს" - განაცხადა სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანიამ.