გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. სამოქალაქო კომიტეტის საქმიანობის მიზანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების სტიმულირებაზე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კლიმატგონივრული წარმოების პრაქტიკაში დანერგვაზე იმსჯელეს.
„დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ საჭიროებებზე არის მორგებული და ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან არის მხარდაჭერილი. გამოწვევების იდენტიფიკაციისა და პრობლემების გადაჭრისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიით, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ორი ახალი პროგრამა: „LEADER/CLLD მიდგომის განხორციელება საქართველოში: თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ და „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“, ასევე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი და მიმდინარე პროგრამები.
„საქართველოს და ევროკავშირს შორის სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარების პროცესში, რომელიც 10 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წლების წინ, სამოქალაქო კომიტეტი შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ქეთევან ხუციშვილმა.
სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამოქალაქო კომიტეტის, ასევე, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.