საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
„საერთაშორისო კონგრესის HYPOGEA 2026 მასპინძლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი უნიკალური კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა მემკვიდრეობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კულტურის სამინისტრო კონგრესის ერთ-ერთი მხარდამჭერია. დარგის წამყვანი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო ფართოდ პოპულარიზაციას", - განაცხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე ჯამბურიამ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება. მიმდინარე წელს კი, მისი მასპინძელი თბილისია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდისთვის.
HYPOGEA 2026 ქ. თბილისში, 22-26 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სპელეოლოგიის საერთაშორისო კავშირის (UIS) მხარდაჭერით ჩატარდება.








