თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა.
დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
„მემორანდუმის მიზანი თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეთა სამედიცინო და სხვა საჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, „ავერსი-ფარმა“ უზრუნველყოფს, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა მედიკამენტები მიიღონ კვირის ნებისმიერ დღეს იმავე ფასებით, რომლებიც აფთიაქებში მოქმედებს მხოლოდ ფასდაკლების დღეებში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფორმებულ დოკუმენტს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და ფარმაცევტული კომპანიის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი სოციალური მდგომარეობის მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, რომლის ხელშეწყობისთვისაც მუდამ მზად ვართ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, შპს „ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით კვირის ნებისმიერ დღეს.
კერძოდ, როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს, მისთვის „ავერსის -ფარმას“ ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.
ხელმოწერის ცერემონიალს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის კომისიის წევრი ქეთევან ჭავჭანიძე, სამგორი 1 (მასივი) მაჟორიტარი საკრებულოში გიორგი დოხტურიშვილი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.









