თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.

დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.