თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კელი დეგნანს  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივი, მჭიდრო და განგრძობითი თანამშრომლობა და ამ პროცესში კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ამერიკული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს; ყურადღება გამახვილდა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის  გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, ასევე ორმხრივ და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან მუშაობს.