საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაზე სულხან თამაზაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში.
ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიებას სულხან თამაზაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
კონფერენცია მიზნად ისახავს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებას და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მექანიზმების დანერგვას.








