პროტესტის ფორმებზე ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, არ ვაპირებთ გაჩერებას და პროცესები თვითონ მიგვანიშნებს, როგორ უნდა წარვმართოთ ის, – ასე უპასუხა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თემურ ვაჭარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას.
„ჩვენთვის მთავარი არის, რომ გვაქვს მიზანი და ეს მიზანია, ამ ქვეყანაში უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული და ის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი იყოს თავისუფალი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.
მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ყველა ნაწამებ, აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს და მათთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.
სტუდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათი უნივერსიტეტში დაბრუნებით ვინმეს თუ ჰგონია, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ამის გამო ისინი რამეს არ გააპროტესტებენ, ბოდიშს მოიხდიან, ან გაფრთხილებას მიიღებენ იმაზე, რაც არ ჩაუდენიათ, ძალიან ცდება.
„ბატონი გიორგი შაუტაშვილი იმას იძახის, რომ კარები იმიტომ არ იღებოდა, ისევ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რაც არის სიცრუე. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ საჭმლის შემოტანას ვითხოვდით, გარეთ იყო ჩვენი ორი სტუდენტი, რომ უბრალოდ, საჭმელი შემოეწოდებინათ. ჩვენ თავიდან იმაზეც არ ვიყავით წინააღმდეგი, რომ უკანა კარიდან მომხდარიყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც გვითხრა უარი დაცვის უფროსმა მამუკამ, რომ საჭმლის შემოწოდება და ჩანაცვლება არ მოხდებოდა, ხოლო თუ გასვლა გვინდოდა, კარი მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაიღებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ბევრი ადამიანი კარებთან და ეს მოხდა ბანერების გამო, რადგან დავკიდეთ ბანერები, რომელზეც ეწერა „ხელახალი არჩევნები“. როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ეგ არის სიცრუე და ტყუილი. არ მინდა, რომ ასე მიწევდეს საუბარი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.
მისი განმარტებით, როდესაც დაცვის უფროსს ეკითხებოდნენ, ვისი დავალება იყო, რომ ჩანაცვლება და საჭმლის შეწოდება არ მომხდარიყო, ის ეუბნებოდა, რომ ეს რექტორის დავალებით იყო.
„პოლიცია როდესაც გამოიძახეს გარედან, შემოვიდა პოლიცია, ვკითხეთ და გვითხრა, რომ ეს რექტორის გადაწყვეტილებაა, სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამიტომ, რომ იძახის, მე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღიაო, ეგეც არის სიცრუე“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.
მისივე თქმით, რექტორს არ უზრუნია იმაზე, რომ სტუდენტებსა და მას შორის რაღაცნაირად, პრობლემები მოგვარებულიყო.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფების შემდეგ არანაირი სურვილი არ გვქონდა მასთან საუბრის. იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც რექტორი საჭმლის შეწოდებაზე უარს გეუბნება, ჩანაცვლებაზე უარს გეუბნება, გათბობას არ გირთავს და გეუბნება, გათბობას ვერ ჩაგირთავთ, რადგან სპექტაკლების გამო ფული უნდა დავზოგოო, როცა ცალკე არის სპექტაკლების თანხა ბიუჯეტში და ცალკე გათბობის თანხა, კი ბატონო, ეგ არ არის არანაირი პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს გათბობას, შენს ნივთს არ გატანინებს, რომ გათბე დეკემბერში და იანვარში, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი არ გვქონდა, რომ გვესაუბრა“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.
შეკითხვაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ურთიერთობა, როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომლის პრობლემაც ფაქტია, დგას და როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს მოცემულობა აკადემიურ სივრცეს დაუბრუნდეს, სტუდენტმა განაცხადა, რომ ისინი სწავლის პროცესს და აკადემიურ პროცესს აქამდე, 83 დღის განმავლობაში, რაც უნივერსიტეტში იყვნენ, ხელს არ უშლიდნენ.
შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც რექტორმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, სხვა სტუდენტებს მოუწყვეს, რის გამოც დანარჩენი სტუდენტები უხერხულობას გრძნობენ, თემურ ვაჭარაძემ თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ არსებობს.
„თუ ამბობს, რომ ასე იყო, მაშინ მოიყვანოს არგუმენტი, ან ფაქტი, როდესაც ჩვენ რომელიმე სტუდენტი სირცხვილის კორიდორში გავატარეთ. ჩვენ ყველა სტუდენტთან გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან პატარა უნივერსიტეტი გვაქვს, ასე თუ ისე, ყველას ვიცნობთ და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რომ ისინი შესულიყვნენ და ესწავლათ“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.