ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, N39-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიწისქვეშა სამუშაოები მოიცავს კორპუსის მილებისა და საკანალიზაციო ჭების შეცვლას. პროექტის ღირებულება 291 000 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ოკრიბა“ აწარმოებს. წყალარინების ქსელის მოწესრიგების შემდეგ, ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე განახლდა სამი ლიფტი. უახლოეს მომავალში კი, სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყება. წყალარინების ქსელის განახლების მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესა და ზურაბ რურუასთან ერთად გაეცნო. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10 პროცენტი ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს.