საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის, ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

ტაძრის არსებული მდგომარეობის შეფასებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის გაცნობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობირივ ხელისუფლების წარმომადგენლები, ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი იაკობი (გეჯაძე) და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები.

რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია ტაძრის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა-გამაგრება და ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრა. დაგეგმილია სარინელის მოწყობა, ინტერიერში ნესტის შედეგად დაზიანებული აფრების, გუმბათის ყელისა და საყრდენი თაღების გამოშრობა, კამარებსა და საბჯენ თაღებში წარმოქმნილი ბზარების ინექტირება-ამოვსება და არასტაბილური საყრდენი ბურჯების კონსტრუქციული გამაგრება.

სამუშაოების მიმდინარეობისას ასევე განხორციელდება ინტერიერში არსებული მიკრო- და მაკრობზარების ინექტირება, რესტავრაცია ჩაუტარდება განცალკევებულ და განშრევებულ ქვებს, აღდგება გუმბათის საყრდენი ბურჯები და დაზიანებული ალათები. დაგეგმილია ტაძრის მცენარეული საფარისგან გაწმენდა. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდება კედლების დანესტიანების გამომწვევი მიზეზები და წყლის ინფილტრაციის წყარო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კომპლექსის სამრეკლოსა და გალავანსაც.

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი ისტორიულ შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ცენტრში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს, რომელთა შორის მთავარ არქიტექტურულ დომინანტს XIII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში ძეგლზე განხორციელდა არაერთი ჩარევა, რის შედეგადაც ძეგლმა ჩვენამდე მნიშვნელოვნად სახეცვლილი სახით მოაღწია. ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.