დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, ქალი პოლიციელების მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადების შესაფასებლად „აიპრესი“ სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს დაუკავშირდა.
„აიპრესსთან“ სახალხო დამცველის მოადგილე  აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს რა მოტივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ქალი პოლიციელები მდგარიყვნენ პოლიციელების კორდონის წინა რიგში. ამასთან, სექსისტურად აფასებს მათი მისამართით გაკეთებულ კომენტარებს. „ქალი პოლიციელების როლის და შესაძლებლობების დაკნინება  და მათი წარმოჩენა იმგვარ კონტექსტში, რომ ისინი ვერ შეძლებენ ან კაცზე ცუდად შეძლებენ მოვალეობის შესრულებას. რა თქმა უნდა, არის სტერეოტიპული და სექსისტურად უნდა იქნეს მიჩნეული. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ პროფესიონალიზმს არ განსაზღვრავს სქესი. ეს შეხედულებები საქართველოში უნდა შეიცვალოს და არ უნდა გამყარდეს, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ გადაწყვეტილების საფუძველი, ის რომ მხოლოდ ქალები მდგარიყვნენ წინ.ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, სწორედ სტერეოტიპული მოტივი უძღვოდა წინ, ის რომ ქალებს არ გაუწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას ან არ იძალადებენ მასზე. ასეთი გადაწყვეტილება კი აკნინებს ქალის როლს მათ შორის სამართალდამცავ უწყებაში. სახალხო დამცველი ანგარიშებში, თუ რეკომენდაციებში ყოველთვის საუბრობს ქალთა მონაწილეობაზე და იმ დაბრკოლებებზე, რაც შეიძლება  მათ ჰქონდეთ პოლიციასა და მსგავს სტრუქტურებში მონაწილეობის პროცესში, და ამ ფონზე რა თქმა უნდა, ყველა ის განცხადება, თუ ქმედება რაც მიმართული იქნება მათი როლის და შესაძლებლობების დაკნინებისკენ-არის სტერეოტიპული და სექსისტური",- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალა უდუმაშვილმა განაცხადა:  ხელისუფლებამ ქალები ჩაამწკრივა წინა რიგებში, შემდეგზე ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს?