შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1 ივნისს, "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს" საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ბაია კვიციანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ-ირინე წაქაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა სიტყვით მიმართეს.კამპანიის გახსნით ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის განხორციელებული ღონისძიებების, ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე, სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს პოლიციისადმი მომართვის სხვადასხვა გზების, მათ შორის, ,,112“-ის მობილური აპლიკაციის, ჩუმი განგაშის (SOS) ფუნქციის, SMS და ვიდეო ზარის სერვისების შესახებ.კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია ატარებს და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.გახსნით ღონისძიებაზე 5 წლის მანძილზე ჩატარებული აქტივობების შემაჯამებელი ვიდეორგოლისა და იძულებითი ქორწინების რეალურ შემთხვევებზე მომზადებული ,,პოლიციის ფაილების“ სერიის ჩვენებაც გაიმართა.
საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები. შეხვედრების ფარგლებში, ბავშვებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული მასალა გადაეცემათ. კამპანიის ფარგლებში , აგრეთვე, ჩატარდება ესეების კონკურსი.