საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ კაფე „მზიურში“ საზოგადოებას „თვითადვოკატების პოდკასტები“ და ახალი ეროვნული კამპანია – „შენ გარეშე არ გამოვა“ წარუდგინა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ინოვაციური პოდკასტ-პლატფორმას გაეცნო, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები საკუთარი სიტყვებით გვიზიარებენ გამოცდილებას, ისტორიებს და საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე. პროექტის მიზანია საზოგადოებაში მათი ხმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა.
პოდკასტების პრეზენტაციის პარალელურად, ასოციაციამ ოფიციალურად დააანონსა ეროვნული კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა“. ინიციატივა მიზნად ისახავს ოჯახების, საზოგადოების და ბიზნეს სექტორის გაერთიანებას, რესურსების მობილიზებასა და იმ მხარდაჭერის გაძლიერებას, რომელიც აუცილებელია განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისთვის.
„ღონისძიებამ საშუალება მისცა საზოგადოებას უშუალოდ მოესმინათ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებისთვის და გაეზიარებინათ მათი ემოციური ისტორიები არაფორმალურ გარემოში.გვჯერა, რომ კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა“ გახდება საწყისი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, სადაც თითოეული ოჯახის ხმა იქნება მოსმენილი,“ – განაცხადეს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში.
პრეზენტაციაზე მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვედროდნენ თვითადვოკატებს, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და ერთმანეთის მხარდაჭერით,კიდევ უფრო, გაეძლიერებინათ საერთო მიზანი – ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
კამპანია შენ გარეშე არ გამოვა მიმართულია ბიზნეს ორგანიზაციებისკენ, რომელთაც სურთ საკუთარი სოციალური გავლენა პოზიტიურ ძალად გარდაქმნან. ინიციატივა ბიზნესებსა და ასოციაციას შორის ქმნის ინოვაციურ ურთიერთობის მოდელს, სადაც მათი გავლენის ინვესტიცია რეალურ სოციალურ შედეგებად გარდაიქმნება. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს გაძლიერებას, ცოდნისა და რესურსების გაზიარებას და საბოლოოდ იმ ცვლილებების მიღწევას, რომლებიც აუცილებელია თითოეული ოჯახის ღირსეული და თანაბარი შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებისთვის.