ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.
ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.
იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ-მებაღეთა მუდმივი შტატები. მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა-გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს. ეკატერინემ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი ამ კეთილშობილურ საქმეს და მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა.
ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — გაწმინდა იგი უვარგისი მცენარეებისაგან, დააზუსტა წმინდა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოყო და გააფორმა ნაკვეთები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები (დღეისათვის შემორჩენილია ხელოვნური ტბა კუნძულით), რომელიც ოსტატურად იქნა შეხამებული აქა–იქ დატოვებულ ბუნებრივ პეიზაჟებთან, მოაწყო სანერგე და სხვა.
დავით დადიანი 1853 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ როგორც სამთავროს მართვა, ასევე ბაღისადმი მზრუნველობა და პატრონობა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა. ეკატერინე მეტი ენერგიით შეუდგა ბაღის მოწყობას, თუმცა შექმნილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა. ბაღმა დიდი სტიქიური უბედურება განიცადა 1853–1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს.
1855 წელს სამეგრელოც გახდა ომის ასპარეზი. ოსმალთა 30 ათასიანი არმიამ ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გააჩანაგა ეს მხარე. 1856 წელს მეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ-ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ-ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი.
კ. ბოროზდინი სწერდა, რომ საშინლად გაბრაზებულმა ისკანდერ ფაშამ - " დაბრუნდა რა ზუგდიდში, გადაჰბუგა მთელი დაბა, მთავრის სასახლე, წინასწარ კი სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გააზიდვინა, ორანჟერიებიდანაც, რის გამოტანაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი გაატანინა, ხოლო ბაღში ხეები სულ ძირში დააჭრევინა. ამ სახით ის საუცხოო ბაღი, რომელიც დედოფალმა გააშენა და რომელსაც თვალის ჩინივით უვლიდა მიწასთან იქმნა გასწორებული"
ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს ენერგიული მოქმედების შედეგად, ბაღში გაჩაღდა აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მისი სრული აღდგენა შესაძლებელი გახდა 1869 წლიდან, ე.ი. ეკატერინე ჭავაჭავაძის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ.
მუშაობა სწრაფი ტემპით წარიმართა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქ. ვარეზედან (იტალია) 1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე-დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები.
ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 94 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელნიც 45 ოჯახსა და 57 გვარს მიეკუთვნება. ხეები წარმოდგენილია 74 სახეობით, ბუჩქები — 17, ხვიარები — 3. ეს მცენარეები ბიოლოგიური ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:
წიწვოვანები — 24 სახეობა და სახესხვაობაფოთლოვანები — 70, მათ შორის ზამთარმწვანე — 22, ზაფხულმწვანე — 48.
პ.ს. ფოტოები აღებულია ზუგდიდის ბოტანიური ბაღის "ფეიბუკ" გვერდიდან - ინფორმაცია "ვიკიპედია".
ფოტოების ნაწილის ავტორი ლევან გაბეჩავა.