დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტეტანუსის აცრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აცრის შემდგომ სპეციალური დიეტის დაცვა საჭირო არაა, თუმცა გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს რამოდენიმე დღე ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.
"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მაშველებს და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის ცხელ წერტილებში მუშაოებენ, და ჰქონდათ რაიმე დაზიანება და მიმართეს იმუნიზაციის კაბინეტებს ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად. გუშინდელი მონაცემებით მსგავსი ადამიანი 1500-მდეა. დღეს გაჩნდა კითხვები სოციალურ ქსელებსა და მედიაში, უნდა დაიცვან თუ არა მათ სპეციალური დიეტა, ასევე როდის შეუძლიათ მათ ალკოჰოლის მიღება და ა.შ.
მინდა დავაფიქსირო, რომ ტეტანუსის ანატოქსინით აცრა გახლავთ აბსოლუტურად უვნებელი. ეს არის გარანტია იმისა, რომ ტეტანუსი არ განვითარდება. აცრის შემდგომ პერიოდში არავითარი სპეციალური დიეტის დაცვა არ არის აუცილებელი. თუ ჭრილობა მუშავდება, და თუ ჭრილობა ღრმა იყო ექიმი პაციენტს არიგებს რომ ჭრილობის შემდგომ გარკვეული პერიოდი, რამოდენიმე დღე სასურველია, რომ ალკოჰოლისგან თავი შევიკავოთ. მაგრამ, თუ არ იყო ეს დიდი ჭრილობა და იყო მხოლოდ განაკაწრი, არ არის ეს განსაკუთრებული ჩვენება. ზოგადად ჯობია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და რამოდენიმე დღე თავის შეკავება ალკოჰოლისგან. თუ ადამიანს მოუხდა ალკოჰოლის მიღაბა, ეს არ არის პანიკის საფუძველი. დამერწმუნეთ არაფერი განვითარდება“, - აცხადებს გამყრელიძე.