ანასტასია შატალოვას ადვოკატი, საქმესთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. პაატა შავაძემ, დღეს, მედიას ის ჩვენება გააცნო, რომლის მიხედვითაც ზურაბ ბერიძე მას მკვლელობით ემუქრებოდა.
ჩვენების ოქმის ასლი, რომელიც ჟურნალისტებს პაატა შავაძემ წარუდგინა 5 ივლისით თარიღდება და მასში საუბარია იმ მუქარაზე, რომელიც სიცოცხლის ხელყოფას შეეხება. ჩვენების ოქმის ასლში ვკუთხულობთ: ''ზურაბ ბერიძეს ვთხოვე ავტოსკოლისთვის ფული მოეცა, რაზეც სასტიკი უარი მითხრა. დამემუქრა მაგ ფულით ''კილერს'' დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო. ვთხოვე დამშვიდებულიყო და ბავშვის თანდასწრებით ნორმალურად მოქცეულიყო. ძიძამ ბავშვი თავის ოთახში გაიყვანა, მე საძინებელში წავედი. შემომყვა ზურაბ ბერიძე და დამიწყო გინება და ლანძღვა. დამემუქრა მოგკლავ, კისერს გამოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო...'' შატალოვას ადვოკატი, საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს აღნიშნული ჩვენებით დაინტერესდნენ. პაატა შავაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შემაკავებელი ორდერი გამოიცა ზურაბ ბერიძეს ანასტასია შატალოვასთან კონტაქტი არ ჰქონია. ''წელიწადზე მეტია მე მის ინტერესებს ვიცავ და მე არასოდეს მსმენია, რომ ვიღაცასთან მას რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონდა. თუმცა ის ინფორმაციაც მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ზურაბ ბერიძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, კონკრეტული შეხება მას შატალოვასთან არ ჰქონია. ის ზრდიდა ბავშვს, სხვას ის არაფერს საქმიანობდა და სურვილი იყო წასულიყო სამშობლოში. ვარაუდი ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ვარაუდით რაღაც დასკვნებს ვერ გავაკეთებთ'' - ამბობს შატალოვას ადვოკატი. ორი დღის წინ მოკლულ ქალს, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს, რომლის მეურვეობის სურვილი და შესაბამისი პროცედურები, როგორც ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, ბერიძის ოჯახის წევრებს, უკვე დაწყებული აქვთ. პაატა შავაძე, საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, სანამ ზურაბ ბერიძე ახალგაზრდა ქალსა და ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღონ. "მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვის მამის მხარემ დაიწყო მოქმედებები, რომ მეურვეობა დაეკისროს მას. მე მივმართავ ოჯახის სახელით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. მოცემულ ეტაპზე, სანამ ბავშვის მამა არის ბრალდებული შატალოვასა და ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ბავშვზე მეურვეობა დაეკისროს მამას. გამორიცხულია ასეთი ბრალდების მქონე მშობელს მეურვეობა მისცენ'' - აცხადებს შავაძე.