თბილისის საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, შესახებ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, ისაუბრა.
მისი განცხადებით, პატრიარქის დიდი სურვილი იყო ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
„მინდა გამოვთქვა დიდი მწუხარება უწმინდესის გარდაცვალების გამო და გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან, რომელიც 2011 წელს შედგა პარიზში. რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, იყო მოწოდება საქართველოში დაბრუნების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩასული ვიყავი საფრანგეთში, ხშირად მიტრიალებდა თავში აზრი დაბრუნების შესახებ, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჯერ შორს იყო. 2014 წელს მქონდა ბედნიერება ხელახლა შევხვედროდი პატრიარქს. ხანმოკლე საუბრის დროს მან ისევ ხაზი გაუსვა ყველა ემიგრანტის საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელობას. ამ ნათქვამმა კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მომცა, რომ მეფიქრა ოჯახით საქართველოში დაბრუნებაზე, რაც, მართალია მოგვიანებით, თუმცა სისრულეში მაინც მოვიყვანე. მე არაერთხელ მომისმენია მისი ქადაგება ემიგრანტების მიმართ და მათდამი თხოვნა, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის სურვილი აუცილებლად აღსრულდება და ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან.
„დღეს მე, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს, მაქვს ბედნიერება, ჩემი წვლილი შევიტანო, ერთის მხრივ, ჩვენი ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მხრივ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პატრიარქის სურვილი ბოლომდე განხორციელდეს და ჩვენმა ემიგრანტებმა თამამად შეძლონ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.










