საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე "აიპრესთან" 2011 წლის 26 მაისის აქციის მიმდინარეობას იხსნებს, რომლის უშუალო მოანწილე თავად გახლდათ. მისი განცხადებით, დღეს პროკურატურის მიერ ამ საქმეზე გავრცელებული აქამდე უცნობი კადრები ემოციურად ძალიან მძიმე საყურებელი იყო. 

ოგბაიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამოძიებას 4 წელი არ სჭირდებოდა და ამ დროს დაკარგულს უწოდებს. 

მისი თქმით, პროკურატურაში განცხადება ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანა, მაგრამ არც თავად და არც მისი შვილი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. 

„რა თქმა უნდა, ეს კადრები ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ამ კადრების ყურების შემდეგ ორმაგი შეგრძნება დამეუფლა. 

პირველი ის, რომ როგორ შეიძლება, ადამიანს ვინმეს დაჭერა გაგიხარდეს. გვიან, მაგრამ მაინც ხელისუფლებამ მოიცალა ამ თემისთვის. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეს, როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ წერილში განაცხადა 2011 წელს, რომ ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც გადააწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა. 

ეს დანაშაული ამ 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ხელუხლებელი იყო. კარგია, რომ ხელისუფლებამ მოიცალა, მაგრამ ცუდია ის, რომ 4 წელი დასჭირდა ამას. რისთვის? ეს კითხვებს აჩენს.

თქვენ ამ ვიდეომასალის ახლა გამოქვეყნებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებთ?

მე სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ და შეიძლება ემოციურად მეთქვა, სწორედ ახლა გაახსენდა არჩევნების წინ ხელისუფლებას-თქო. მაგრამ, მოდით, ცივი გონებით შევხედოთ. ეს ხომ ფაქტებია. 

2012 წლის ნოემბერში პირადად მე შევიტანე განცხადება პროკურატურაში ჩემი ოჯახის წევრების სახელით. ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა თანამებრძოლებმაც. ბესო ტაბატაძე, რომელსაც თვალი გამოთხარეს, ბესო დანელია, რომელიც ძვლებში დაამტვრიეს. ჩემი თანამებრძოლებისა და მეგობრების დაკავება ამ დარბევამდე ერთი კვირით, ცოტა უფრო ადრეც დაიწყო. უამრავი ადამიანი სხვადასხვა „კაპეზეში“ იყო გადანაწილებული. კითხვები იბადება. ხომ შეტანილი გვქონდა განცხადება, რატომ არ განიხილეს? ზრდილობის გამო მაინც რატომ არ დაგვიძახეს? ამ საქმეზე ერთხელ მაინც რატომ არ ვართ დაკითხულები? ან მე, ან ჩემი შვილები. 

სამართლიანობის თემა ისე გაცვითეს, რომ როგორც კი ამ სიტყვას ახსენებდა ვინმე ადამიანები ამბობდნენ, ამათ უკვე ტვინი წაიღესო. ეს არის გულდასაწყვეტი. 

სამართლიანობა არ არის ციდან მოწყვეტილი სიტყვა. ამ სიტყვის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, კონკრეტული სულისა და სხეულის ჭრილობით, სიცოცხლის დაკარგვით. რატომ არ არის დაკითხული ოლეგ ჟვანია, რომელიც იმ მაღაზიის მეპატრონე იყო, რომლის სახურავზეც ორი ცხედარი იპოვნეს. კბილაშვილმა პირადად მითხრა, რომ ეს საქმე მას თითქმის გახსნილი ჰქონდა. სად არის გახსნილი საქმე? სად არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ესკორტის მძღოლების საქმე, რომელთაც ცალ-ცალკე ყველა ეუბნებოდა, რომ ის საწყალი დაღუპული პოლიციელი გინდა, თუ არა შენ გაიტანეო. რატომ არ არის გამოძიებული? რატომ არ თანხმდება დაღუპულის ოჯახის ექსპერტიზას თავიდან? სააკაშვილის დროინდელმა ექსპერტიზამაც კი დაადგინა, რომ ესკორტის არც ერთ ავტომობილს ის ადამიანი არ გაუტანია. 

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ასეთი საქმეების დიდოსტატი იყო, ცხედარი მოაგდო, რათა გაეხელებინა სპეცრაზმის თანამშრომლები, რომ მათ მოუკლეს მათივე თანამშრომელი.

ამ კადრებში ხომ ვხედავ ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, თანამებრძოლებს... რატომ ახლა და რაში დაიკარგა ეს 4 წელი? ეს არის, მეტი არაფერი. ძალიან გულდასაწყვეტია დაკარგული დრო.

სამართალი მაინც მწარეა. თითქოს ჩასაბარებელი ტარანი ვიყავით. ადრე ჩემს ბავშვობაში, რაც მეტ ბოთლს ჩააბარებდი, მეტ ფულს მოგცემდნენ. აი, ასეთ დონემდე შეიძლება ადამიანების დაშვება? რა დედამ გაზარდა, ასეთ დავალებას როგორ ასრულებდნენ?! ახლა რომ კეკლუცობენ, მათ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენო. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე მათ ვურჩევ, რომ თავიანთი მოძღვარი ეყოლებათ და მოუყვნენ. არ მინდა, პათეტიკური ვიყო, მაგრამ იმათ უკვე დაუდგინა უფალმა სასჯელი. ეს არის საქმე?!

ორი წლის წინ დიდი ამბით დაგვიბარეს ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე მე და ჩემი შვილი. მე ვანო მერაბიშვილი იქ არ მინახავს. მაგრამ, ვიცი, რომ ვინმე ჯონათანი, ამერიკის მოქალაქე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა, ჩვენი ქვეყნის უდიდესი მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური საელჩო გაემიჯნოს ვინმე ჯონათანის არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, რომელიც დარბევის დროს იქ იყო. 

რას წარმოადგენდა თქვენ მიერ ნახსენები პირი? რომელიმე სტრუქტურის თანამშრომელი იყო?

თავად ვანო მერაბიშვილს აქვს ნათქვამი, რომ რაღაც სტრუქტურა იყო ჩამოსული. არ ვიცი, ეს ჯონათანი ვინ იყო. მე ვისურვებდი, ჩვენი უდიდესი მეგობრის ამერიკის ოფიციალური საელჩო გაემიჯნოს ამ ოპერაციასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ხომ ყველაფერი ცხადი გახდა? ამიტომ, მე ველოდები საქმის ბოლომდე მიყვანას. არა მხოლოდ 4 ადამიანის დაკავებას. თოთოეული ადამიანის უკან ოჯახი დგას, რომელთაც წლები მოპარეს, ჯანმრთელობა მოპარეს, სიცოცხლე მოუსწრაფეს. ველოდები თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობის გაგრძელებას. ამით კი არ უნდა დამთავრდეს, უნდა დაიწყოს. თუ ეს არ დაიწყება, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ყოფილა არჩევნების წინ გათვლილი პიარ სვლა. გულწრფელად არ მინდა, რომ ეს ასე იყოს." 

ცნობისთვის, დღეს მთავარმა პროკურატურამ ე.წ 26 მაისის საქმეზე ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, როგორც კადრებიდან ჩანს, ერთ-ერთი თანამშრომლის მიერაა გადაღებული. ამასთან, საგამოძიებო უწყებამ მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად სცნო. 

"მეტი დაკავებული! მეტი პრემია!" - 2011 წლის 26 მაისის აქამდე უცნობი კადრები - ვიდეო