აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი შეიქმნა რეკრეაციული სივრცე.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ითანამშრომლა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელმაც უსახური ფარეხების დემონტაჟის სურვილი გამოთქვა.
„ჩვენთვის მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, რეკრეაციულ პროექტებს ახორციელებენ. ასევე, ვცდილობთ, გამოვისყიდოთ წლების წინ კერძო მესაკუთრეებზე გასხვისებული ტერიტორიები და ისიც დედაქალაქის მოსახლეობას სკვერებისა და სპორტული მოედნების სახით დავუბრუნოთ. გარდა ამისა, მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩართულობით, აქტიურად ვახორციელებთ უსახური ავტოფარეხებისა და შემოღობვების დემონტაჟს და მათ ადგილზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. ამის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე განთავსებული იყო ავტოფარეხები, რაც სივრცის ფუნქციურ გამოყენებას აფერხებდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ფარეხების დემონტაჟი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად გაიწმინდა კორპუსების მიმდებარედ შემოღობილი ტერიტორიები, დემონტაჟი ჩაუტარდა ავტოფარეხებს და ტერიტორია მთლიანად პარკს შეუერთდა.
მერის ინფორმაციით, სამუშაოები ერთ ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ორი საბავშვო მოედანი, სავარჯიშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა, პარკინგი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.









