დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.
დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
„34 ოჯახი გავახარეთ. იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. 3000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების მიზნით წარდგენილი განაცხადის განსახილველად.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე.