FAO-ს ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი ფერმერები, იმპორტიორები, ქსელური მარკეტების, კერძო და საჯარო სექტორისა და სასაკლაოების წარმომადგენლები 10 ივლისს საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის იურიდიულმა კონსულტანტმა და მედიატორმა  ასოციაციისა და საწევრო შენატანების შესაძლო მოდელები, სხვა ქვეყნებისა და ადგილობრივი სხვა ასოციაციების მაგალითები გააცნო. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები ხორცის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო მოდელზე შეჯერდნენ.

საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია მიზნად ისახავს ამ სექტორის წარმომადგენლების საუკეთესო ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამარტივებულ კომუნიკაციას ფერმერებთან, მომხმარებლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან; რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობას, პროდუქტის მიკვლევადობასა და ხორცის სექტორის მდგრად განვითარებას. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს დარგობრივი პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფას. ასოციაციის პრიორიტეტია დარგის წარმომადგენლებისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პროექტებსა და სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ხორცის მიმწოდებლები სხვადასხვა ქვესექტორს წარმოადგენენ და ხშირად ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, თუმცა ყველა მათგანის საერთო მიზანი საცალო ქსელის უვნებელი და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციით მომარაგებაა. სექტორი საკმაოდ ფრაგმენტირებულია, რის გამოც ჩვენი მიზანი მათი ერთიანი ინტერესების ირგვლივ კონსოლიდაციაა. ეს მათ საერთო ენის გამონახვაში, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და არსებულ გამოწვევებზე კონცენტრირებაში დაეხმარებათ.

ამასთანავე, ასოციაციის არსებობა სახელმწიფოსაც დაეხმარება ხორცის სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ოპერატიულ რეაგირებაში. ასოციაციის შექმნისას ევროკავშირის წამყვანი გამოცდილებით ვისარგებლეთ, რაც, გვჯერა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.“- განაცხადა მიხეილ სოხაძემ, FAO-ს პროექტის მენეჯერმა.

ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.