თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო. სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა SEDM-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიზნით განხორციელებულ თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესზე.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში, რომელსაც წელს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი.
საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა.