ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და განისაზღვრება ახალი ტერმინები. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილებას განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. ამასთან, განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთან მიმართებით.

კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია.

"დაუშვებელი იქნება ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მგზავრებთან მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებების შეზღუდვა ან მათგან გათავისუფლება“,- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის კუთხით, წარმოადგენს მგზავრთა ინფორმირება მგზავრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, ასევე, ინფორმაციის მიმოცვლა ინფრასტრუქტურის მენეჯერს, სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს შორის, რათა დროულად იქნას უზრუნველყოფილი არსებული ინფორმაციის განახლება და მგზავრთათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

კანონპროექტის შესაბამისად, სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის.

"მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება“, აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

კანონპროექტი აწესრიგებს მგზავრის უფლებებსა და გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა დაიგვიანებს. კანონი ასევე, აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების წესს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში. კანონპროექტით, მგზავრს წარმოეშობა უფლება, საჩივრით მიმართოს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, თუ გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მგზავრს ასევე, უფლება ექნება საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ მათ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.