საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“ დატოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გადაინაცვლეს, სადაც შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
საეკლესიო კანონმდებლობით, ახლა უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო პირები შევლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წელის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მედიასთან განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, პატრიარქი ამ დროისთვის , მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.









