საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მისი მფარველი წმინდანის დღეს ულოცავს:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ვულოცავთ მისი მფარველი წმინდანის - წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს.
მისი უწმინდესობა თავისი მამობრივი მზრუნველობითა და ცხოვრების წესით მრავალი წელია გვასწავლის ქრისტეს რწმენის ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას, მოთმინებას, სიკეთეს, მიმტევებლობასა და ადამიანებზე ზრუნვას, იგი დღენიადაგ დაუღალავად იღვწის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის გავრცელებისა და ყოველი ადამიანის გულებამდე მიტანისათვის.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2018 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მისი უმთავრესი მიზანიც სწორედ უწმინდესის ამ მისიონერული მსახურების გაგრძელებაა. ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც უფლის ჭეშმარიტი სწავლებების ერთგულებისა და დაცვისკენ მოგვიწოდებს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მთელი ჩვენი სამსახურის სახელით გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ“.