საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ-ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა. სწორედ დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად 10-ვე საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რადგან 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში.
რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს - 2 51 00 51“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.