გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტყის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიზანმიმართული დამახინჯებისა და სიცრუის ტირაჟირების მცდელობას.
უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ განკარგულება გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას, ანუ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს. ამასთანავე, ტყის აღრიცხვის სამუშაოებისას გამოვლინდა ფართობები, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იყო შეტანილი. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე განხორციელდა ტყის საზღვრების კორექტირება. შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად." - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.










