2026 წლის 3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მოინახულა ჩუღურეთში მდებარე 2 უფასო სასადილო და გაეცნო იქ არსებულ საერთო ვითარებას, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და კვების რაციონს, ასევე გაესაუბრა ბენეფიციარებს. აღნიშნულ სასადილოებში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა არსებული სისტემური გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურის და მენიუს კალორაჟის კუთხით.
დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა ნაწილს სასადილოდან მხოლოდ პური მიჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახალხო დამცველი პერიოდულად უშუალოდაც ეცნობა უფასო სასადილოებში არსებულ სიტუაციას და წლებია საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში საუბრობს უფასო სასადილოებში არსებულ სერიოზულ სისტემურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის, უფასო სასადილოს სერვისის მართვის და სერვისის სათანადო ხარისხით მიწოდების ერთიანი სტანდარტის არარსებობაზე, რაციონისა და გამოყოფილი თანხის სიმწირეზე, ასევე, ზოგიერთ სასადილოში, განსაკუთრებით თბილისში საკვების წაღებაზე უარის და მხოლოდ პურის აღების ტენდენციაზე, რაც საკვების ხარისხით უკმაყოფილებას უკავშირდებოდა. აღნიშნული მდგომარეობა, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უცვლელია და მათზე ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა პარლამენტს.
სასადილოებში არსებული გამოწვევების სიმწვავე დადასტურდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომლის თანახმადაც, გამოძიებით დადგინდა, რომ შესაბამისი კომპანიები 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, არაჯეროვნად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
აღნიშნული ცხადყოფს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დროული დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვა, მენიუს კალორაჟი, კვების ხარისხი, უსაფრთხოება, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბენეფიციართათვის ხარისხიანი კვების უზრუნველსაყოფად სათანადო კონტროლის და შესაბამისი ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მნიშვნელობა. - ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში.







