აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 30-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ტურიზმის განვითარების ისტორია, საქართველოში არსებული ტურიზმის მიმართულებები, ექსკურსიამცოდნეობა, გიდის პროფესიული საქმიანობის საფუძვლები, ტურის დაგეგმვის პრინციპები, გიდისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებები, ორგანიზაციები და ინტერნეტრესურსები. პროგრამა ასევე მოიცავდა გიდის ფსიქოლოგიას, ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის თავისებურებებს, ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საბაზისო საკითხებს.
გადამზადების პროგრამის მიზანი იყო ბათუმის ტურის გიდების პროფესიული მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული პირებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და პროფესიისთვის საჭირო უნარების განვითარება.
სასწავლო კურსი აერთიანებდა როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ გასვლით ტრენინგებს ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და სხვადასხვა ობიექტზე. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომლის საფუძველზეც შეფასდა მათი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა აპრილში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდა.









