2024 წლის 23 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, წლების მანძილზე გამოკვეთილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. სახალხო დამცველმა სააგენტოს თავმჯდომარეს რელიგიის უფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა საპარლამენტო ანგარიშში ასახულ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და უზრუნველყოფისათვის.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის მიერ შესაბამისი უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატსა და სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალებას მისცემს.