2024 წლის 9 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყებებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი გამოწვევები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები განიხილეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს სისტემაში მიმდინარე პროექტებისა და პოზიტიური სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არსებულ უსაფრთხოებასა და წესრიგს, მსჯავრდებულებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცესში არსებულ ხარვეზებს, პენიტენციური დაწესებულებების პირობებსა და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, მცირე დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგიას, ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის გამართვას, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ფსიქო-სოციალური კომპონენტის გაძლიერებას, პატიმრების ოჯახთან ახლოს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსების საჭიროებას, სამოქალაქო კლინიკებში ხანგრძლივი ვადით გადაყვანილი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფას და სხვა.
უწყებები გააგრძელებენ სამომავლო თანამშრომლობას, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აქტიურად მოახდენს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.
შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.