იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ონლაინსერვისებით მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ,-ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იუწყება. 2016 წლის პირველ კვარტალში ინტერნეტით სხვადასხვა მომსახურება 7 000-მდე მოქალაქემ მიიღო. მათ შორის ყველაზე პოპულარული სერვისი უძრავ ნივთზე ამონაწერის ელექტრონულად მომზადებაა. იანვარ-მარტში ამ მომსახურებით 5962-მა მოქალაქემ ისარგებლა, საკადასტრო გეგმის მომზადების ონლაინსერვისის მომხმარებელთა რიცხვმა კი 419 შეადგინა.

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ელექტრონულად უძრავი ქონების რეესტრის ყველა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ს დახმარებით, შეუძლია ინტერნეტით მოითხოვოს და ინტერნეტითვე მიიღოს ამონაწერი თუ საკადასტრო გეგმა, მარტივად მოიძოს სასურველი უძრავი ქონების სარეგისტრაციო განცხადება, მისი შინაარსი, განხილვის ეტაპი და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ელექტრონულად მიიღოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და არქივში დაცული დოკუმენტის ასლი. მოქალაქეებს ამავე ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკურ ხარვეზის შესწორების შეტანაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ელექტრონულად განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით, იმავე დღეს მიღება კი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი.

„საჯარო რეესტრი მოქალაქეზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ელექტრონული სერვისების შეთავაზება ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მომსახურების ინტერნეტით მიღების შესაძლებლობა მოქალაქისთვის საჯარო რეესტრთან კომუნიკაციას ამარტივებს, ჩვენი სერვისების მიღების პროცესს კი კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს ხდის“,-აღნიშნავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის სერვისებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და ინტერნეტიზაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ონლაინსერვისებს სულ უფრო აქტუალურს ხდის. ტექნოლოგიურმა რეფორმამ, რომელიც 2006 წლიდან საჯარო რეესტრში დაიწყო, მოქალაქეებს საშუალება მისცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა თუ რაიონებში ჩაუსვლელად უძრავი ქონების რეესტრის ნებისმიერი მომსახურება ელექტრონულად მიეღოთ. შედეგად, სარეგისტრაციო პროცედურები დაჩქარდა, გამარტივდა და კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდა. სულ 2006-2016 წლებში უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული სერვისებით 100 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.