უშგულის მთებში გადაღებული ფილმი მომღერლობაზე მეოცნებე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად იმ ადათ - წესებსა და ტრადიციებს ებრძვის, რომელიც ქალებს უთანასწორო პირობებში აყენებს.
მარიამ ხაჭვანის ფილმმა "კაცების მიწა" საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა.
15-წუთიანი დოკუმენტური ნამუშევარი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის - "სარაევოს გულის" მფლობელია. დაჯილდოების ცერემონიას თავად რეჟისორი ვერ დაესწრო, თუმცა შემოქმედებითმა გუნდმა მარიამ ხაჭვანის გზავნილი ჟიურის წევრებსა და აუდიტორიას გადასცა.
ფილმის გადაღებები სვანეთში, ადგილობრივების მონაწილეობით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტური ნამუშევარი მოგვითხრობს სვანურ ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავთ, მიწა უახლოეს მამაკაც ნათესავს უნდა გადაეცეს, რომელიც ოჯახის გვარს გააგრძელებს.
"კაცების მიწა" საქართველოს მაღალმთიანი სოფლიდან გლობალურ პრობლემაზე გვიყვება და ქალების მხარდასაჭერად სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს აერთიანებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა შვეიცარიაში გაიმართა. ნამუშევრით უკვე 50 საერთაშორისო კინოფესტივალია დაინტერესებული.
"კაცების მიწას" წინ "ოსკარისა" და ევროპული კინოაკადემიის ნომინაციებზე წარდგენა ელოდება, რაც ქართული კინოს საერთაშორისო აღიარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.