ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.
ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. - ამის  შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს, 

"ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს - ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.

 ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.

უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.

შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა.