თბილისის ქუჩებში რამდენიმე ახალი ამკრძალავი და საინფორმაციო ხასიათის ნიშანი გამოჩნდა, რომელიც ცხოველების პატრონებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს, მიანიშნებს, რომ ტერიტორიაზე ძაღლის გადაყვანა არ შეიძლება. "ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე, შევქმნათ უსაფრთხო გარემო" -ცხოველთა მონიტორინგის სამსახური კამპანიას იწყებს. როგორც “აიპრესთან” ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ფხალაძე აცხადებს, მსგავსი შინაარსის ნიშნები თბილისში უფრო მასშტაბურად განთავსდება.

“იქით კვირიდან ვაპირებთ უკვე მოვიცვათ მთლიანად თბილისი. დღეს რუსთაველის მეტროსთან განვათავსეთ ყვავილის დეკორაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ცხოველის მიერ დაბინძურებული ადგილი პატრონმა უნდა დაასუფთავოს. ასეთი წარწერით არის “დაიცავი სისუფთავე” და მინიშნებაა ძაღლია გამოსახული და ხელთათმანით ხელი, როგორ იღებს ფეკალიას. ასევე არის რამოდენიმე ნიშანი, სადაც არ შეიძლება ძაღლი შევიყვანოთ.

აღმაშენებლის გამზირზე გავაკეთეთ ორი ბანერი, ერთი გაკეთდა ახალ სკვერში, რომელიც დღეს გაიხსნა ვორონცოვზე.

ახლო მომავალში ვაპირებთ სხვადასხვა შინაარსის და ვიზუალურად განსხვავებული ბანერების განთავსებას, როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ასევე პარკებში, სკვერებში, რომელსაც ექნება საინფორმაციო ხასიათი და მინიშნებები, სად როგორ მოიქცეს ცხოველის პატრონი.

იქნება ბირკიანი ძაღლი, რომელიც გამოშვებულია მუნიციპალური თავშესაფრიდან, რომელიც არის  ვაქცინირებული და საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისთვის. ასეთი შინაარსის ბანერი იქნება: დავბრუნდი მუნიციპალური თავშესაფრიდან და ვარ უსაფრთხო, ასევე იქნება ბანერი, რომელზეც იქნება მინიშნება, რომ საკუთრებაში არსებული ცხოველი პარტონმა უნდა დაარეგისტრიროს. ასევე იქნება აღნიშნვნები სადაც არ შეიძლება ძროხის, ცხენის, ცხვრის გამოშვება. დადგენილია ტერიტორიები, სადაც დადგენილია რომ არ უნდა იყოს წვირლფეხა და მსხვილფეხა ცხოველები. ბანერების განთავსება ვფიქრობთ, შემდგომი კვირის ბოლოსთვის უნდა მოესწროს.

ასევე ვბეჭდავთ ბუკლეტებს, რომელსაც ექნება საინფორმაციო ხასიათი, მეორე მხარეს კი დატანილი ექნება რუკა, სადაც იქნება აღნიშვნები სად არ შეიძლეა ცხოველის გაშვება და სად შეიძლება”,-განაცხადა

თეიმურაზ ფხალაძის თქმით, ჯარიმები გაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მონიტორინგს კი ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 5 ეკიპაჟი ახორციელებს.

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთ-ერთი დანაყოფი ახორციელებს პატრულირებას, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გააკეთონ შესაბამისი რეაგირება, დააჯარიმონ პიროვნება. ამ ეტაპზე 5 ეკიპაჟია თბილისის მასშტაბით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, არ არის გამორიცხული ეკიპაჟები დაემატოს”,-განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება ჯარიმებს, რომელიც წესის დარღვევისთვის ცხოველის პატრონს დაეკისრება მისი მაქსიმალური ოდენობა 20 ლარია.

“ჯარიმა სხვადასხვა სახის არის, ცხოველის ფეკალიით დაბინძურებაზე ჯარიმა 8 ლარამდეა, თუ საყელურის და ალიკაპის გარეშე გაასეირნებთ ცხოველს და დაარღვევთ გასეირნების წესს, ჯარიმა 8 ლარიდან 20 ლარამდეა”-განაცხადა ფხალაძემ.