გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა ინფორმაცია მოისმინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.


დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს რეგიონული სამსახურების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.


„სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის მიმართულებებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირება პრიორიტეტია. ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კვლევების ხელმისაწვდომობა და პროფესიონალი კადრები ქმნიან შესაძლებლობას, რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს საჭირო მომსახურება, ასევე, რეგულარულად განვახორციელოთ ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმება, ცხოველთა
ვაქცინაცია, პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი, საკარანტინო მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, რაც, წარმოების ხელშეწყობის და აგროპროდუქციის ხარისხის გარანტიაა და, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს რეგიონული სამსახურების შესაძლებლობები და მომსახურების ხარისხი.


„რეგიონში ფუნქციონირებს ცხოველთა გადასარეკი ტრასის 3 ბიოუსაფრთხოების პუნქტი რუსთავში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება ცხოველთა მეპატრონეებს; ტარდება ცხოველთა უფასო ვაქცინაცია 6 დაავადებაზე; ჯანმრთელობის კონტროლის, აღრიცხვიანობისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა.


რეგიონში კვლავ პრიორიტეტულია საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების, ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების, სასაკლაოების შემოწმება; ასევე რძის, თევზის, ნახევარფაბრიკატების, წყლის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა.


საკარანტინო მავნებლების გამოვლენის მიზნით, გრძელდება ფერომონიანი დამჭერების განთავსება; ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღრიცხვა და ინსპექტირებები, პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება
რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში”, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე იმყოფებოდნენ.