საავტორო უფლებათამფლობელთა ასოციაცია GERA განცხადებას ავრცელებს
1646500410
"პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში ამაზე გვიწევს საუბარი, თუმცა გვსურს, რომ მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია და პასუხი გავცეთ ამ სამარცხვინო ბრალდებას:
მორიგი უპრეცედენტო ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ქმედება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია -ს ხელმძღვანელობის მხრიდან!" - ნათქვამია საავტორო უფლებათამფლობელთა ასოციაცია GERA განცხადებაში.
"დღეს, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას; დღეს, როცა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა მომართულია უკრაინის დასახმარებლად, GCA-ს ხელმძღვანელობა არ წყვეტს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე ზრუნვას და უმდაბლესი პროვოკაციებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ყველაზე მძიმე თემის გამოყენებით.
დღეს GCA-ს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა განცხადება თითქოს „GERA“ ეხმარება რუსულ საავტორო უფლებების კოლექტიური ორგანიზაციას (RАО) ევროპული ორგანიზაციებიდან საავტორო ჰონორარების მიღებაში. GCA- მ ამ ფაქტის „დამადასტურებლად“ კი გამოქვეყნა RAO-ს მიერ ესტონური კოლექტიური მართვის ორგანიზაციისთვის მიწერილი წერილი.
პირველ რიგში - ყველა, ვინც ამ წერილს წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ „RAO“ ესტონურ ორგანიზაციას სთავაზობს ესტონელი ავტორების კუთვნილი ჰონორარის გადახდას GERA-ს მეშვეობით და არა პირიქით- უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იმ ესტონელი ავტორების მიერ გამომუშავებული ჰონორარი, რომელთა მუსიკაც ჟღერდა რუსეთის ტერიტორიაზე დღემდე. GCA-ც კი ვერ უარყოფს, რომ ჰონორარის ამგვარი შეგროვება მსოფლიოში მოქმედ პრინციპებს შეესაბამება და GERA მოცემულ შემთხვევაში ესტონელ უფლებამფლობელებს დაეხმარება კუთვნილი თანხების მიღებაში. GERA მზად არის, ასეთივე წესით დაეხმაროს მსოფლიო ყველა ქვეყნის ავტორებს და მათ გაერთიანებებს.
GCA-ს მცდელობა, რომ ეს ფაქტი წარმოაჩინონ, თითქოს GERA ხელს უწყობს თანხების რუსეთში გადარიცხვას, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ GCA-ს ხელმძღვანელთა განზრახ უსირცხვილო მცდელობას, ჩრდილი მიადგეს GERA-ს და მისი წევრების რეპუტაციას. ვიმეორებთ, რომ ამას ცხადყოფს წერილის შინაარსიც (იხილეთ წერილი)
მეორე - "GERA" და მისი წევრები უწყვეტად ახორციელებენ უკრაინელი ხალხის დახმარებას, (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბოლო დროს ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული სიახლეები) და დგანან ცივილიზებული სამყაროს გვერდით. მიუხედავად უმძიმესი ცილისწამებისა, "GERA" კვლავ გააგრძელებს ევროპელი უფლებამფლობელი ავტორების დახმარებას მათი კუთვნილი ჰონორარების მიღების მიზნით.
მესამე - სწორედ ამ მიზნით „GERA“ მზად არის საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს დახმარება როგორც ესტონურ ასოციაციას, ისე სხვა ქვეყნის ორგანიზაციებს, მათი ავტორების კუთვნილი ჰონორარის მიღების მიზნით.
გვწამს, რომ ამგვარი ბინძური პროვოკაციებით და აშკარა ტყუილებით, ვერ მოხერხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ხოლო ამ სამარცხვინო ქმედების ავტორებს შემდეგში აუცილებლად გაეცემათ სამართლებრივი პასუხი სასამართლოს გზით.
აქვე ვაცხადებთ, რომ GERA ამ რთულ ვითარებაში არ შევა GCA- ხელმძვანელობასთან აბსურდულ და მათთვის სამარცხვინო პოლემიკაში, ვინაიდან ჩვენი ფიქრებიც და საქმეც მიმართულია უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის მხარდასაჭერად და მათთვის ამ მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად.
GERA მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და განსაკუთრებით უკრაინელ ავტორებს და ყველა ხელოვანს!
#СлаваУкраїні 🇺🇦" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.