1 ივლისიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ანალოგიური სიგნალი გაითიშება და მოსახლეობას სიგნალის მისაღებად დამატებითი მოწყობილობის მონტაჟი მოუწევს.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინსტრუქციას გთავაზობთ.

გთავაზობთ ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო აპარატურის შეერთების კონკრეტულ სქემას - როგორ  დავაკავშიროთ ერთმანეთთან ანტენა, სეთ-თოფ ბოქსი და  ტელევიზორი.

ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იმავე მეტრული და დეციმეტრული ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა დიაპაზონით 174-230 მჰც სიხშირეები VHF სიხშირულ ზოლში და 470-694 მჰც სიხშირეები UHF სიხშირულ ზოლში. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც. თუ სარგებლობთ სატელიტური ანტენით, არანაირი მოწყობილობის შეძენა და მონტაჟი არ მოგიწევთ.

           

 

მიერთების სქემა:

ოთახის ან გარე ანტენის ტელევიზორთან დასაკავშირებლად დაგჭირდებათ სტანდარტული 75 ომი ტალღური წინაღობის მქონე კოაქსიალური ე.წ.  სატელევიზიო კაბელი. სეთ-თოფ ბოქსის ტელევიზორთან შესაერთებლად  შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც RCA  ან SCART,  ასევე HDMI  კაბელი. კვების ბლოკის საშუალებით სეთ-თოფ ბოქსი საჭიროებს დენის წყაროსთან მიერთებას (კვების ბლოკი  სეთ-თოფ ბოქსს თან ახლავს აქსესუარის სახით).

      

                 RCA                              SCART                                HDMI    

ყველა თანამედროვე DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორის მფლობელმა ციფრული საეთერო სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად ტელევიზორის მენიუში უნდა შეარჩიოს ავტომატური ძებნის (Auto Search) რეჟიმი. ტელევიზორი იპოვის ეთერში არსებულ ყველა ციფრულ არხს და მოათავსებს მათ არხების სიაში. იგივე შედეგს მივიღებთ, თუ გავააქტიურებთ ხელით ძებნის რეჟიმს (Manual Search), რასაც წინ უნდა უსწრებდეს შემდეგი პარამეტრების შერჩევა: მენიუს შესაბამის პუნქტში უნდა შევარჩიოთ DTV რეჟიმი, გატარების ზოლი 8 მჰც. (OIRT System D), არხის ნომერი ან სიხშირე, მაგალითად, თბილისისთვის 23 არხი, 490 მჰც. ამის შემდეგ საჭიროა ხელით ძებნის რეჟიმის გააქტიურება, რის შედეგადაც ტელევიზორი იპოვის ამ ერთი კონკრეტული არხის შესაბამისი მულტიპლექსის ყველა პროგრამას და მოათავსებს მათ არხების სიაში. შემდგომში, საჭიროა ამ მანიპულაციის გამეორება ყველა დანარჩენი მულტიპლექს პლატფორმებისთვის.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს მიერ მომზადებული და ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიებსა და რადიოებში განთავსებული კლიპების; მრავალენოვანი ბუკლეტების, ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიების, სააგენტოს ვებ (www.digitaltv.ge) და სოციალური (www.facebook.com/Digitaltv.ge) გვერდების, ასევე, ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქციის საშუალებით, რომელიც თან ახლავს სეთ-თოფ ბოქსებს; რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციები განთავსებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდებზე. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი ( ტელ 1480), შესაბამისად, მოსახლეობას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია სასურველი და დეტალური ინფორმაციის მიღება.