რიყის პარკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ნანა მაჭარაშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - „აფხაზური ეზო“ გახსნეს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ საკითხში საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ყველა ორგანიზაციას გვერდით უდგას. დარწმუნებული ვარ, პროექტი „აფხაზური ეზო“ თბილისის სხვადასხვა უბანში გაგრძელდება “,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა ისნის რაიონში, რიყის პარკში გაიმართა. მისივე თქმით, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს დევნილი ქალების ნაწარმის პოპულარიზაციას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მეწარმეების სტენდები დაათვალიერეს. გაიმართა ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიება მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა. მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად.