თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რევაზ სოხაძემ, საანგარიშო პერიოდში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის 19 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 335 საკითხი განიხილეს.
კომისიამ, საკრებულოს სხდომებზე დასამტკიცებლად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ფუნქციური ზონის 318 ცვლილება განიხილა. რევაზ სოხაძემ ანგარიშში ყურადღება დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც, დეპუტატის თქმით, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500 და კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000 ოჯახი დაკმაყოფილდა. რაც შეეხებათ, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებს, რევაზ სოხაძის განცხადებით, 480-მდე ოჯახი, ან მათი უფლებამონაცვლე დაკმაყოფილდა. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების 10 პროექტი შევიდა. ასევე, კომისიის სხდომაზე, 26 სხვადასხვა დადგენილების პროექტი განიხილეს. საანგარიშო პერიოდში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში 115 წერილი და განცხადება შევიდა. რევაზ სოხაძემ ანგარიშში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის მუშაობასაც შეეხო და განაცხადა, რომ წლის განმავლობაში იგი კომისიის 11 სხდომას დაესწრო, რომლებზეც 32 საკითხი განიხილეს. საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დედაქალაქის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზეც, რომლის წევრიც რევაზ სოხაძე გახლავთ. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საბჭოს 37 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 1185 საკითხი განიხილეს. რევაზ სოხაძემ, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, ანგარიშში რაიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგორში მდებარე რიგისა და ხევის პარკებს, ასევე, ვარძიის, გუმათჰესის და სხვა სკვერებს. ამას გარდა, სამგორის რაიონში დაიწყო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ვარკეთილის მასივში პირველი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იწყება. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, სარეკრეაციო სივრცისა და სკეიტ პარკის მოწყობა მიმდინარეობს; აბაშვილის ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა; თაყაიშვილის ქუჩაზე, N180-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს; ხოლო ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში, არსებული სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ეწყობა. რევაზ სოხაძე, მისი ინიციატივით დაწყებულ კამპანიას „გაამწვანე ვარკეთილ“-საც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კამპანიის ფარგლებში, სამგორში 70 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგო. მისივე თქმით, რაიონში 14 საცხოვრებელი კორპუსი მოიხატა/ რაც შეეხება წარმომადგენლობის მუშაობას, რევაზ სოხაძის წარმომადგენლობამ, წლის განმავლობაში, 2036 მოქალაქე მიიღო. თავად მაჟრიტარი კი 1267 მოქალაქეს შეხვდა. მაჟორიტარის წარმომადგენობაში, საანგარიშო პერიოდში, სულ 540 წერილი შევიდა.