ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო  და მათი მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და უკვე ფუნქციონირება დაიწყო ორმა ახალმა საბავშვო ბაღმა.

„დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დაგეგმილი ვინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ორმა ახალმა ბაღმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პარალელურად, მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც აშენდება უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. ასევე, იგეგმება რაგბის სტადიონის მშენებლობა.

„იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პროექტს დავიწყებთ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იქნება“ – აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას რევაზ სოხაძემ ქუთაისში განხორციელებულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წინა დღეს ადგილზე გაეცნო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესს და აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებიც ქუთაისის №4 და №7 სკოლებთან დაკავშირებით არსებობს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეფერხებული სამუშაოებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის  მოსწავლეებსა და მშობლებს  და  მზად არის ნებისმიერ დროს ჰქონდეს მათთან კომუნიკაცია.

„მზად ვართ ავუხსნათ, თუ რა პრობლემები არსებობს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დაიძრას. დღეს რთულია იმის თქმა, რომ პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ზუსტად იცოდნენ ჩვენი გეგმები და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ მიმართულებით ვდგამთ“ – განაცხადა სოხაძემ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სკოლების მშენებლობა შარშან, სექტემბერში გადაეცა, მას შემდეგ, რაც მოხდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ესიდა) ლიკვიდაცია, ხოლო სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების შემსრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა.

„დღეს ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა გაჭიანურებულ და პრობლემურ პროექტთან დაკავშირებით ეფექტური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება დროულად მივიღოთ“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.