ალექსეევკას დასახლებაში 100 - მდე თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ამ ოჯახების ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მათი ერთადერთი იმედი ეს დროებითი საცხოვრებლებია.
გაჭირვებას ქალაქის ზოგიერთი სამსახურის და დეპუტატის არაადეკვატური ქცევაც ემატება - მარტოხელა, სოციალურად დაუცველ 53 წლის ქალბატონს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური 10 000 ლარს ედავება, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე კი მის ამომრჩევლებთან პასუხს ჩვენ გვაბარებს.
თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს ალექსეევკაში ძირითადად ყოფილი გამწვევი პუნქტის ინფრასტრუქტურის შენობები აქვთ დაკავებული, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ დასახლებაში მიწა უნებართვოდ შემოღობა და შიგ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ჩადგა.
53 წლის მარინა ყარმაზანაშვილმა, 600-700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თვითნებურად, ალეექსევკას დასახლებაში, 2006 წელს შემოღობა. 2012 წელს კი ახლობლების დახმარებით სატვირთო კონტეინერი ჩადგა, რომელიც საცხოვრებლად გადააკეთა. მარინა ყარმაზანაშვილს ჯანმრთელობა შერყეული აქვს. ყავს 23 წლის შვილი - ვაჟა ყარმაზანაშვილი. ვაჟა უმუშევარია. სამგორის გამგეობა მას სახელმწიფო დაცვის სამსახურში დასაქმებას დაპირდა, თუმცა ოჯახის განცხადებით, სამსახურში წარსადგენი დოკუმენტებისთვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ შეძლეს. ყარმაზანაშვილები სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და მათი ერთადერთი შემოსავალი სწორედ ამ სტატუსის შესაფერისი სახელმწიფო დახმარებაა - 108 ლარი. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს - არ აქვთ გაზი, ელექტროენერგიას და წყალს მეზობელი უნაწილებს.
მარინა ყარმაზანაშვილი
10 იანვარს სწორედ მარინა ყარმაზანაშვილმა დაურეკა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გულიკო ზუმბაძეს და შეშით დახმარება თხოვა. გულიკო ზუმბაძემ ამის საპასუხოდ მის ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე, მისი განცხადებით პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო წაშალა. ყარმაზანაშვილებს სამგორის გამგეობამ შეშა, 1 კუბურ მეტრზე ცოტა მეტი, მეორე დღესვე მიუტანა. მარინამ და ვაჟამ 2014 წელს შეშით დახმარება რამდენჯერმე ითხოვეს, თუმცა ვერ მიიღეს - გულიკო ზუმბაძესთან დარეკვა მხოლოდ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს.
სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოფურის განცხადებით „ამდენ თავშესაფარში მყოფ ადამიანებს სხვანაირი რეგულაცია და მიხედვა ჭირდება, რომლის საშუალებას სამწუხაროდ ხან კანონი არ გვაძლევს, ხან ბიუჯეტი.“
მიუხედავად იმისა, რომ არ გვევალებოდა, დეკემბრის თვეში ე.წ. ალექსეევკაში 7 მანქანა შეშა გვაქვს შეტანილი, რაც დაახლოებით 30 კუბამდეა. სულ სამგორის რაიონში 50 მანქანაზე მეტი გვაქვს დარიგებული“.
მარინა ყარმაზანაშვილს 2014 წლის 6 ნოემბერს ახალი, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაუძლეველი პრობლემა დაემატათ - შესაძლოა მარინა ყარმაზანაშვილს 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისროს. ჯარიმა სააპელაციო სასამრთლომ 2014 წლის 16 აპრილს გააუქმა, მაგრამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაესში გაასაჩივრა და ჯარიმის აღდეგნა მოითხოვა. უზენაესი სასამართლოს მიერ მერიის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ მარინა ყარმაზანაშვილს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ყარმაზანაშვილების ოჯახი ერთადერთი არაა, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ან თვითნებურად დაკავებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობს. ყარმაზანაშვილებიდან ასიოდე მეტრში ორი შენობაა, რომელიც ასევე თვითნებურად დაიკავეს.
მალხაზ შაილოვი
საბავშვო - სათამაშო მოედნის გვერდით შაილოვები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. 54 წლის მალხაზ შაილოვი მეორე ჯგუფის ინვალიდია. მისი მეუღლე 55 წლის ლალი ლელუაშვილი სახლიდან მხოლოდ მაშინ გადის, როდესაც მალხაზი ბოთლების დღის ნორმას ჩააბარებს, ერთი დღის საკმარისი სიგარეტის, ყავის და შაქრის ფულს მოაგროვებს და უკან დაბრუნდება - კარები არ იკეტება, ფანჯარაზე კი ტომრებია აკრული. შაილოვებთან ისევ ცივა, როგოც გარეთ. შეშის ღუმელს ქუჩაში მოგროვებული ნაფოტებით ათბობენ - შეშით ადგილობრივი თვითთმართველობა მათ ჯერ არ დახმარებია.
შაილოვებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. მათი შემოსავალი სტატუსით გათვალისწინებული დახმარება და მალხაზ შაილოვის ინვალიდობის პენსიაა. ალექსეევკა დასახლებაში ისინი 2014 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობენ - არ აქვთ წყალი, სინათლე, გაზი, კანალიზაცია. საცხოვრებელი ოთახის კედლები შეშის ღუმელი ჭვარტლით სულმთლად გაშავებულია.
საჭმელი შაილოვები ახლოს მდებარე უფასო სასადილოდან მოაქვთ. ლალი და მალხაზი საკვების სიმცირეს და დაბალკალორიულობას უჩივიან.
შაილოვებს სამი შვილი ყავთ 22 და 26 წლის გოგონები და 29 წლის ვაჟი, რომელსაც რთული მშობიარობის გამო თვალის ნერვი აქვს დაზიანებული. სამი შვილი ჩვილობაში დაეღუპათ… დაღუპული შვილების დაბადების დღეებს დღემდე აღნიშნავენ.
ლალის და მალხაზს საკუთარი სახლი 1994 წლის მერე არ აქვთ. მიუხედავად ამისა ისინი დროებით საცხოვრებელ დაწესებულებაში გადასვლას გამორიცხავენ და გაუსაძლის პირობებში, მათი თქმით „თავისუფლად“ ცხოვრებას ამჯობინებენ.
იზოლდა მალვენიშვილი
შაილოვების გვერდით პენსიონერი, 69 წლის იზოლდა მალვენიშვილი ცხოვრობს, რომელიც მეზობლის, მალხაზის მსგავსად, თავს ბოთლების მოგროვებით ირჩენს, თუმცა მალხაზთან შედარებით გაცილებით ცოტა ბოთლის მოგროვებას ახერხებს. სარჩოს ძებნა ზოგჯერ ნაგავშიც უწევს. იზოლდა მალვენიშვილს 41 წლის შვილი ყავს, რომელიც მეგობრის ნათხოვარ მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ამაგრებს და მგზავრები გადაჰყავს. ემზარ მანველიშვილს საკუთარი ოჯახიც ყავს - მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი. დედის თქმით მისი შვილი იმდენს მუშაობს, რომ მის პატარა შვილსაც კი იშვითად ნახულობს. შეშა სამგორის მუნიციპალიტეტს არც მალვენიშვილებთან მიუტანია.
იმ შენობაში სადაც ისინი ცხოვრობენ ფართები კიდევ 5 ოჯახს აქვს დაკავებული, ამათგან ადგილზე რეგულარულად ორი ოჯახი იმყოფება, თუმა მათი მონახულება ვერ მოვახერხეთ - ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
69 წლის მოხუცს ფანჯარაც აქვს და კარებიც, მაგრამ შეშის ღუმელი გამუდმებით ბოლავს და ისიც იძულებულია კვამლით სავსე ოთახში იჯდეს - სუნთქვა ჭირს. იზოლდა მალვენიშვილს სმენის პრობლემაც აქვს. სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენიმე წლის წინ ჩამოართვეს და მას შემდეგ შესაბამისი სამსახურებისთვის აღარ მიუმართავს.
ორსართულიანი ბეტონის ნაგებობის მოპირდაპირედ ასეთივე, ერთსართულიანი ნაგებობაა - აქ 5 ოჯახი ცხოვრობს. მჭედლიშვილების ოჯახი 4 წევრისგან შედგება. სოციალურად დაუცველის სტატუსი მათაც აქვთ. მათი მდგომარეობა შაილოვებისგან და მალვენიშვილებისგან განსხვავებით უკეთესია, მაგრამ მათი საცხოვრებელი პირობებიც ექსტრემალურია.
24 წლის ვერიკო მჭედლიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება არ შეუძლია - მან ბავშვობაში ხერხემალი დაიზიანა. შეშა სამხედროებმა მოუტანეს - შარშანდელისგან განსხვავებით სამგორის გამგეობას მათთვის შეშა წელს აღარ მიუწოდებია.
ვერიკო მჭედლიშვილი
ქვემო ალეექსეევკაში, ყოფილი გამწვევი პუნქტის შენობებში უნებართვოდ შესახლებულები კომპაქტურად ცხოვრობენ - ყოფილი გამწვევი პუნქტის ყოფილი შტაბის შენობაში 26 ოჯახი ცხოვრობს - არ აქვთ გაზი, სახლს არ აქვს სახურავი, კანალიზაცია შენობის სარდაფში ჩადის - ზაფხულობით, მაცხოვრებლების განცხადებით ქვემოდან აუტანელი სუნი ამოდის, მრავლადაა ბუზი და კოღო.
აქ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა სოცილურად დაუცველია და ოჯახებში ან არავინ ან ერთი წევრი მუშაობს. მადონა ძიბელაშვილის ოჯახი 6 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 2 მცირეწლოვანია. ლელა ექიზაშვილს 4 მცირეწლოვანი ჰყავს, ნინო ბაწაშვილს კი 3 შვილი. ნინო ბაწაშვილი არ მუშაობს და მხოლოდ დახმარების იმედადაა.
სეფიაშვილი ნორა
სეფიაშვილი ნორა პირველ თებერვალს 80 წლის გახდება. ის აქ, 5 წლის წინ გარდაცვლილი შვილის, 20 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნორა სეფიაშვილს კიდევ ორ შვილი ჰყავს, თუმცა მისი განცხადებით, ისინიც უკიდურეს გაჭირვებას განიცდიან.
ყოფილი შტაბის შენობის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ. 2012 წელს მათ თავისუფალი დემოკრატების წევრი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა რესპონდენტების თქმით მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ზურაბ აბაშიძე ტელეფონით დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ, რაზე ზურაბ აბაშიძემ გვიპასუხა: „მაცხოვრებლებს გადაეცით რომ აუცილებლად გამოვჩნდებიო...“
ალეექსევკის დასახლებაში უნებართვოდ შეჭრილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ მათი ამგვარი ყოფა ხელს უშლით მათი და მათი შვილების მომავლის დაგეგმვაში.
ალეკო შარვაძის ფოტოები