ქობულეთში, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან, დ.აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე მე-12 კლასელები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში მოჰყვნენ. როგორც ცნობილია ავტოავარიის შედეგად დაშავდა 2 მოსწავლე და დაზიანდა 4 ავტომობილი.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის სხვა არცერთი მოსწავლე არაა დაშავებული. მხოლოდ ორი დაშავდა მსუბუქად, რომლებიც მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი მე-12 კლასის დასრულებას აღნიშნავდნენ.

ამწუთას ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და ცენტრალური გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად აქვთ გადაკეტილი, რომელიც ყვითელი დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული. ასევე ადგილზეა ევაკუატორი გამოძახებული, რომელმაც დაზიანებული ავტომობილები უნდა გადაიყვანოს.

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის, ორი 12-ე კლასელი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.