ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ატვირთული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა ყველა საარჩევნო ოლქში და ერთადერთი, სადაც მარცხი განიცადა, საზღვარგარეთი იყო.

საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ 84 საარჩევნო ოლქიდან „ქართულ ოცნებამ" ოთხმოცდაოთხივეში დიდი უპირატესობით აჯობა უახლოეს მდევარს.

ყველაზე მცირე სხვაობა (21,912%) მეორე ადგილზე გასულ კონკურენტთან ვაკის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. „ქართულმა ოცნებამ" ამ ოლქში ამომრჩეველთა ხმების 38,034% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" კი 16,122%.

ყველაზე დიდი სხვაობა მეორე ადგილზე გასულთან დაფიქსირდა ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ხმების 87,792% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" კი 5,54%.

„ქართული ოცნება" დიდი სხვაობით დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში შექმნილ საარჩევნო უბნებში, სადაც ჯამში 34 290-მა ამომრჩეველმა (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ~1,66%-მა) მისცა ხმა.

საზღვარგარეთის უბნებში პარტიებისთვის მიცემული ხმებით პირველ ადგილზე გავიდა  „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"  - 11 406 ხმა. მეორე  6824 ხმით იყო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". მესამე ადგილზე გავიდა „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - 5108 ხმა და მხოლოდ მეოთხე იყო „ქართული ოცნება", რომელმაც 4622 ხმა მიიღო.

საზღვარგარეთ შექმნილი 67 საარჩევნო უბნიდან 45-ში გამარჯვებული გამოვიდა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", 11-ში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", 9-ში - „ქართული ოცნება", ორ უბანში კი „ქართულმა ოცნებამ" და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს.