საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა 9 აპრილისა და და 7-8 მარტის აქციების მონაწილე ქალებს - ნანა მახარაძესა და ნანა მალაშხიას.
ნანა მახარაძეს ღირსების მედალი გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის, ხოლო ნანა მალაშხიას საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის.
,,[1989 წლის მოვლენების შემდეგ], ნანა მახარაძის ფოტო გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას 9 აპრილის სახედ იცნობენ. ნანა მალაშხია კი, საქართველოს ევროპული მომავლის სახე გახდა, გასცდა ჩვენს საზღვრებს, რითაც დავანახეთ მოსფლიოს - რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.
ახლა დავაჯილდოვებთ მათ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ჯილდო ეძღვნება 9 აპრილის ყველა იმ ქალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის ამ და სხვა პერიოდებში იბრძონდნენ, ეს ორ ქალი სწორედ მათ სახეებს წარმოადგენენ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.