საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული.
განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
ცნობისთვის, პრემიერის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა
სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.